ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
სტატია: „რამდენად კარგადაა დაცული საქართველოს ენდემური მოლუსკები დაცული ტერიტორიების ქსელით“
აბსტრაქტი
საქართველო ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილია საერთაშორისო დონეზე. მოლუსკები ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და საქართველოში 300-მდე სახეობითაა წარმოდგენილი. მათგან 75% ენდემურია რეგიონისთვის. რადგან ცალკეული სახეობის კონსერვაციული სტატუსი უცნობია, ენდემური მოლუსკების შენარჩუნების ერთადერთი საშუალება დაცული ტერიტორიებია. იმის გამო, რომ დაცული ტერიტორიების შექმნისას მოლუსკების და, ზოგადად, უხერხემლო ცხოველთა მრავალფეროვნება არ იყო გათვალისწინებული, გაურკვეველია დაცული ტერიტორიების ეფექტურობა მოლუსკების დაცვის მხრივ. კვლევის მიზანი იყო ენდემური მოლუსკების დაცულობის შეფასება დაცული ტერიტორიების საშუალებით. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ენდემური მოლუსკებით განსაკუთრებით მდიდარი ტერიტორიების მხოლოდ მცირე ნაწილი ხვდება დაცული ტერიტორიების ფარგლებში, რაც ვერ უზრუნველყოფს იშვიათ სახეობათა დაცვას.
სტატია: „სიმპატრული გავრცელება თანაარსებობის გარეშე: ორი სახეობის Helix-ის გავრცელების კვლევა ეკოლოგიური ნიშის მოდელირების საშუალებით“
აბსტრაქტი
საქართველოში ფართოდაა გავრცელებული ორი სახეობის დიდი ზომის მოლუსკი ჰელიქსის გვარიდან. მიუხედავად იმისა, რომ მათი არეალები ერთმანეთს ემთხვევა, ისინი თითქმის არასდროს გვხვდებიან ერთსა და იმავე წერტილში მაშინ, როდესაც მათი მონათესავე გვარის (Caucasotachea) წარმომადგენელი ხშირად თანაარსებობს ორივე სახეობის ჰელიქსთან. კვლევის ამოცანა იყო იმის დადგენა, თუ აღნიშნული ფენომენი რამდენად შეიძლება იყოს კლიმატურ ნიშებს შორის სხვაობის შედეგი. კლიმატური ნიშის მოდელირებამ აჩვენა, რომ ნიშებს შორის სხვაობა არაა საკმარისი ჰელიქსების გავრცელების დასახასიათებლად. ამ თვალსაზრისით, სახეობათაშორისი კონკურენცია მეტად ეფექტური ჰიპოთეზაა.
სტატია: „ობობების ბიომრავალფეროვნების მოდელი კავკასიის ეკორეგიონისთვის“
აბსტრაქტი
კვლევის მიზანს წარმოადგენდა კავკასიის ეკორეგიონში ობობების სივრცობრივი განაწილების მოდელის შექმნა და ამ განაწილების განმაპირობებელი ეკოლოგიური ფაქტორების დადგენა.
ჩვენ გამოვითვალეთ გავრცელების არეალი 471 სახეობის ობობისათვის ინდივიდუალურად და შემდეგ შევაჯამეთ ისინი; მონაცემებად გამოვიყენეთ კავკასიის ობობების გავრცელების წერტილების მონაცემთა ბაზა, ხოლო მოდელირებისათვის გარპის ალგორითმი (GARP algorithm). სახეობების მრავალფეროვნება ყველაზე მაღალი იყო ცენტრალური კავკასიონის ტყიან ნაწილში. რეგრესიული ანალიზის მიხედვით, ჩვენ დავადგინეთ, რომ ამ სივრცობრივ განაწილებას ძირითადად განაპირობებს: ყველაზე მშრალი კვარტალის საშუალო ტემპერატურა და ნალექი. ენდემური სახეობების მრავალფეროვნება კორელაციაში იყო საერთო სახეობების რაოდენობასთან, მაგრამ განსაკუთრებულად მაღალი ენდემიზმი (როდესაც ადგილობრივი ფაუნის 10% მეტი ენდემებია) გვხვდება მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებში.