ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
28 სექტემბერს ვაკის პარკში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-8 სამეცნიერო პიკნიკი გაიმართება. პიკნიკის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია, თანამედროვე მეცნიერების მიღწევების ნებისმიერი ასაკის დამთვალიერებლებისთვის სახალისო და საინტერესო ფორმით წარმოჩენა.
წლევანდელი სამეცნიერო პიკნიკის თემა გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების 17 მიზანია განათლებაზე ფოკუსირებული; მხარდამჭერები არიან საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა და განათლების კოალიცია.
40-მდე კარავში საინტერესო ექპერიმენტებს ჩაატარებენ, ინტერაქციულ გამოფენებსა და შემეცნებით-გასართობ პროგრამებს შემოგვთავაზებენ მეცნიერების პოპულარიზაციის ჯგუფები საქართველოდან და ევროპიდან; საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები, არასამთავრობო, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები.
ღონისძიების მთავარი სცენა დღის პირველ ნახევარში მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო შოუების ანიმატორებსა და სამეცნიერო თემატიკაზე შექმნილ წარმოდგენებს დაეთმობა. ასევე, განათლების კოალიციის მხარდაჭერით სასცენო წარმოდგენებს გამართავენ რეგიონების საჯარო სკოლის მასწავლებლები, ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის მასწავლებლები და მათი მოსწავლეები.
პიკნიკის ფარგლებში ვაკის მედიათეკაში მოეწყობა სამეცნიერო კაფე, სადაც ილიაუნის მეცნიერები წაიკითხავენ ლექციებს საინტერესო თემებზე.

სამეცნიერო პიკნიკის დასრულების შემდეგ ღონისძიების მთავარ სცენაზე ტრადიციულად წელსაც დავაჯილდოებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებულ პირველკურსელებს.
დაჯილდოების შემდეგ მთავარ სცენაზე გაიმართება პირველკურსელების მიღების ცერემონია – Welcome Party და კონცერტი.
კონცერტზე დაუკრავენ:
ღონისძიება ფეიერვერკით დასრულდება.
ისტორია
ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკს შვიდწლიანი ისტორია აქვს და 2012 წლიდან მოყოლებული ტარდება კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრისა და პოლონეთის რადიოს სამეცნიერო პიკნიკის მოდელით, რომელიც ევროპაში აღიარებულია მეცნიერების პოპულარიზაციის ყველაზე მასშტაბურ და სანახაობრივ ღონისძიებად.
ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი იყო პირველი მასშტაბური ღონისძიება საქართველოში, რომელიც მეცნიერების პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.
დრო: 28 სექტემბერი, 12:00 -23:30
სამეცნიერო პიკნიკი: 12:00-18:00;
პირველკურსელების მიღების ცერემონია / Welcome Party: 18:00-23:30
ადგილმდებარეობა: ვაკის პარკი
დასწრება თავისუფალია.
2019 წელი