ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
29 სექტემბერს ვაკის პარკში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით საქართველოში რიგით მე-7 სამეცნიერო პიკნიკი ჩატარდება.
ღონისძიების მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია, თანამედროვე მეცნიერების მიღწევების ნებისმიერი ასაკის დამთვალიერებლისთვის სახალისო და საინტერესო ფორმით წარმოჩენა. ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი პირველი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით საქართველოში ჩატარდა.
წლევანდელი სამეცნიერო პიკნიკის თემა გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების 17 მიზანია.
40-მდე კარავში, ღია ცის ქვეშ, საინტერესო ექსპერიმენტებს ჩაატარებენ, ინტერაქციულ გამოფენებსა და შემეცნებით-გასართობ პროგრამებს შემოგვთავაზებენ მეცნიერების პოპულარიზაციის ჯგუფები საქართველოდან და ევროპიდან; საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები, არასამთავრობო, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები.

ღონისძიების მთავარი სცენა დღის პირველ ნახევარში მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო შოუების ანიმატორებსა და სამეცნიერო თემატიკაზე შექმნილ წარმოდგენებს დაეთმობა.
პიკნიკის ფარგლებში მოეწყობა სამეცნიერო კაფე, სადაც ილიაუნის მეცნიერები წაიკითხავენ ლექციებს საინტერესო თემებზე.
სამეცნიერო პიკნიკის დასრულების შემდეგ ღონისძიების მთავარ სცენაზე, ტრადიციულად, წელსაც დავაჯილდოვებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებულ პირველკურსელებს.
დაჯილდოების შემდეგ მთავარ სცენაზე გაიმართება კონცერტი.
კონცერტზე დაუკრავენ:
ღონისძიება ფეიერვერკით დასრულდება.
ისტორია
ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკს შვიდწლიანი ისტორია აქვს და 2012 წლიდან მოყოლებული ტარდება კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრისა და პოლონეთის რადიოს სამეცნიერო პიკნიკის მოდელით, რომელიც ევროპაში აღიარებულია მეცნიერების პოპულარიზაციის ყველაზე მასშტაბურ და სანახაობრივ ღონისძიებად.
ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი იყო პირველი მასშტაბური ღონისძიება საქართველოში, რომელიც მეცნიერების პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.
დრო: 29 სექტემბერი, სამეცნიერო პიკნიკი: 12:00 – 18:00; Welcome Party: 18:00 – 23:30 ადგილმდებარეობა: ვაკის პარკი
2018 წელი